ალბათ ბევრს გიოცნებიათ დროში მოგზაურობაზე. გდომებიათ, ერთი დღით მაინც გენახათ, როგორ ცხოვრობდნენ უწინ. ამ სტატიაში მოგიყვებით ძველი თბილისის აზარტულ თამაშებზე და გასწავლით იმ დროინდელ ტერმინოლოგიას.
განჯაფა - სპარსეთიდან შემოტანილი ბანქოს მსგავსი თამაშია. ძვლის ფირფიტებიანი სათამაშო ქაღალდი. ალ. ორბელიანის სიტყვით „პირველსავე რუსობის დროს საქართველოში განჯაფის თამაშობა გადავარდა და იმის მაგივრად ქაღალდის თამაშობა შემოვიდა“. „ცისკარში“ ვკითხულობთ: „საქართველოში ვიდრე მეფობამდე ირაკლი მეორისა, ნაცვლად სათამაშო ქაღალდებისა, უხმარიათ მათივე მსგავსი ძვლის ფირფიტები, რომელნიცა მხატვრობითა თვისითა წარმოუდგენენ მოთამაშეთა სხვადასხვა მნიშვნელობითა და რომელსაცა ჰსწოდებია „განჯაფა“. ხალხური ლექსი ამბობს: „ნარდი ბედია, ჭადრაკი ჭკუა, ბანქო ცუდია, განჯაფა სტყუა“.
ტერმინოლოგია
ვარი გავარტყი - ყომარბაზობის დროს ოინის მოხდენა, სიყალბე.
თაგვიფიშიგი - „თაგვ-ფისობა“ უნდა იყოს; ძველად ჭადრაკის მზგავსი თამაშობა იყო.
თაფი - სათამაშო ვეგის (ცხვრის კოჭის) ზურგი. ამ კოჭს ოთხი მხარე აქვს: ალჩუ, თოხანი, ჭიკი, თაფი.
იარალაში - ბანქოობა ერთგვარი. რუსეთში სოვრემენიკის დამატებად 1854 წელს გამოვიდა ჟურნ. „Литературняыи Ералаш“.
კიკო - სათამაშო ქაღალდის სახელია, ერთი ნიშანი რომ უზის, ამ ნიშანს ტუზსაც უწოდებენ. „კიკოსავით დარჩენილხარ“, ე.ი. მარტო დარჩენილხარ.
ნიშანბაზი - ნიშანში მსროლელი ანუ ჩუბინი. ეს სიტყვა, ასევე, შეიძლება ვიხმაროთ შულერის სინონიმად.
სათამაშო ბანქოები - Черва - თხილი, ლობიო, გული, ქუფა. Бубна - აგური, წკენტი (გურული), თავანი. Пика - ყვავი, მაჩა. Трефа - ჯვარი.
სამორინე - ქაღალდის სათამაშო სახლი; საყომარბაზო ადგილი; კაზინო.
ფათა - იხმარება ორნაირად: 1. ბანქოს თამაშობის დროს, თუ ორივეს რიცხვით თანასწორი ბანქო აქვს, ამბობენ „ფათაო!“. 2. თუ შეუფერებელი ადამიანი შეფერებულ ადამიანთან არის, იტყვიან: „ვაჰ, რა ფათააო, ვითომ რა შესაფერნი და ტოლნი არიანო, - დაცინვით, რასაკვირველია.
ყვავის კიკო - ყვავის ტუზი.
ყოზი - ბანქოს ერთგვარი თამაშობაა, რომელშიც შემდეგი მასტებია: „მასულია“, „იჩარი“, „ოინჯი“ და სხვა.
ყომარბაზი - ყომრის აზარტული მოთამაშე, მებანქოვე. ბაზი - მქნელი (აქედან ჯამბაზი, ქანდირბაზი).
ყომარი / ყუმარი - ოთხი კოჭით ბანქოს აზარტული თამაში (ცხვრის ფეხის კოჭი).
ჩური - კოჭის თამაშობის დროს, ვინც ყველაფერს წააგებს, იმას ასესხებენ ხოლმე ერთი-ორ კოჭს, რომ ითამაშოს და გული არ დასწყდეს - ამ სესხს ჰქვიან ჩური.
წყარო: იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ